Wednesday, June 14, 2017

გიორგი გურჯიევი საქართველოში (1919-1920-იანი წლები)

გიორგი გურჯიევი საქართველოში (1919-1920-იანი წლები)

თენგიზ სიმაშვილი

გიორგი გურჯიევი საქართველოში
(1919-1920-იანი წლები)
 [დაიბეჭდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის 
ინსტიტუტის შრომები. XI, 2017]
    

          ჩემს მიერ მოძიებული საარქივო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ  გიორგი ივანეს ძე გურჯიევი 1906 წელს საქართველოში ცხოვრებდა და ,,მოღვაწეობდა“. [თენგიზ სიმაშვილი, ,,გიორგი გურჯიევი საქართველოში (1906 წელი)’’ ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტიჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასაქართველოს ისტორიის  ინსტიტუტის შრომები. X, 2016] აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ გიორგი გურჯიევის საქართველოში დროის სხვა პერიოდში ცხოვრების, საქმიანობის შესახებ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა გავრცელებული, რომელთა აბსოლიტური უმრავლესობა დაუსაბუთებელია. მაგალითად, მითი გიორგი გურჯიევის და იოსებ ჯუღაშვილის - სტალინის თანასემინარიელობის შესახებ, რაც საარქივო მასალებიდან გამომდინარე ფაქტობრივად არ დასტურდება.
     თავის მხრივ, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც 1919-1920-იან წლებში გიორგი გურჯიევის თბილისში ცხოვრებას და ,,მოღვაწეობას“ ასახავენ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი გურჯიევის და მისი ,,მიმდევრების“ მიერ 1919 წელს თბილისში ,,ადამიანის ჰარმონიულიგანვითარების ინსტიტუტის“ დაარსება. დამოუკიდებელი საქართველოს განათლების სამინისტროს ფონდებში შემორჩენილია მისი გახსნის თაობაზე გურჯიევის თანამოაზრეების მიერ დაწერილი განცხადება. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1935, აღწერა 1, საქმე 728] ეს დოკუმენტი იმითაცაა საინტერესო, რომ მასში ასახულია აღნიშნული ,,საგანმანათლებლო ხასიათის დაწესებულების’’ მიზნები და ამოცანები. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 1935, აღწერა 1, საქმე 728, გვერდი 2]

     *(ამ და გიორგი გურჯიევთან დაკავშირებულ სხვა თემატიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ შესანიშნავი ისტორიკოსის ქალბატონ მანანა ხომერიკის შრომები - თ.ს.)    
     აღნიშნულ საარქივო მასალას მე აქ არ მიმოვიხილავ და მხოლოდ მივუთითებ, რომ გიორგი გურჯიევის ,,თაამოაზრეების“ მოგონებებში ასე თუ ისე გაშუქებულია ამ ადამიანის თბილისში ცხოვრების აღნიშნული პერიოდი. [Thomas and Olga Hartmann ''Our Life with Mr. Gurdjieff, Morning light Press, USA, 2011]
      ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის“ თბილისში დაარსების და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ჩანს,რომ იმდროინდელი ქართული საზოგადოებრიობა, ასე თუ ისე ინფორმირებული იყო. ყოველ შემთხვევაში გაზეთ ,,ერთობის“ 1919 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულა ასეთი განცხადება:
,,თფილისში იხსენება ინსტიტუტი ადამიანის ჰარმონიული განვითარების
გ. ი გურჯიევის სისტემით.
ოლღას ქუჩა, სახლი მელიქ აზარიანცის #3. მეცადინეობა იქნება დილაობით და საღამოობით. საგნები: გიმნასტიკა - რიტმული, საექიმო, პლასტიური, ანტიური, ჯიუ ჯიტსუ. *(გიორგი გურჯიევი თავის წიგნში ,,შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან’’ წერდა, რომ ის ფლობდა ჯიუ-ჯიცუს - იაპონური ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობას. 1904-1905 რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ ჭიდაობის ეს სახეობა საკმაოდ  პოპულარული გახდა რუსეთში და ევროპაშიც - თ.ს.) ვარჯიშობა - ნებისყოფის განვითარებისა. ემოციის, ინსტიკტების, აზროვნების, ხსოვნის, გულისყურის, სმენის, ხმის და სხვა. ამის საშუალებები: პრაქტიკული და თეორიული შესწავლა: 1) მუსიკის, 2) მხატვრობის, 3) სკულპტური, 4) ცეკვა - აღმოსავლეთის და ევროპის ხალხების, 5) ენები - რუსული, ქართული, სომხური, ოსმალური, ბერძნული, იტალიური, გერმანული, ფრანგული, ინგლისური და სხვა. დიასახლისობა - კულინარია ჭრა კერვა, ეკონომია, სარეცხის დარეცხვა, დაუთოება და სხვა. 6) ხელობა - დურგლობა, ფეხსაცმლის მკერავობა, თერძობა და სხვა. ლექციები: ფსიქოლოგია, ფილოსოფია, რელიგია, პედაგოგიკა, ფიზიოლოგია, ჰიგიენა, ესთეტიკა და სხვა. ინსტიტუტის ხელძღვანელები იქნებიან: ჟანა ზალცმანი, მატინონი, თ. გარტმანი, მედიცინის დოქტორი ჩორნი, მედ. დოქტორი შერნავიანი, პ.დ. უსპენსკი, ინჟინერი პეტროვი, ვ.ვ. ჟუკოვი და სხვა.
მეცადინეობის დასაწყისში ხელმძღვანელობას გაუწევს ინსტიტუტს გ. ი. გურჯიევი, რომელიც დროებით იმყოფება თფილისში. დაწვრილებითი ცნობების შეტყობა შეიძლება პირველ ლექციებზე. ბავშვებს და მოზარდებს დანიშნულ დროს გაასეირნებენ ინსტიტუტის გუვერნანტკები - რომლებიც მეცადინეობის შემდეგ ბავშვებს სახლებში წაიყვანენ. ცუდ ამინდში ინსტიტუტის ეტლები იმუშავებს. წინასწარ ჩაწერა მოხდება სახელმწიფო თეატრის კანტორსში 11-1 და 7-8 საათამდე ყოვე ლდღე 3 ნოემბრამდე, რომლის შემდეგაც ჩაწერა შეწყდება შენობის სიპატარავის გამო.’’ (სტილი დაცულია) *(დოკუმენტი მოგვაწოდა ახალგაზრდა მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა - თ.ს.)
     გიორგი გურჯიევის თბილისში ცხოვრების შესახებ, ასევე წერდაისტორიკოსი ალექსანდრე კოჭლავაშვილი. ჩვენ მოვიძიეთ მისი დღემდე გამოუქვეყნებელი სტატიები გიორგი გურჯიევის შესახებ. ქართულ ენაზე დაწერილ სტატიაში ,,მისი ნამდვილი ვინაობა (რეპლიკა პროფ. მ. კვესელავას)’’, ალექსანდრე კოჭლავაშვილი საკმაოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს გიორგი გურჯიევს და მის ,,ინსტიტუტს“. [უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 269, ანაწერი 1. საქმე 24, გვერდები 1-26] (იხ. დოკ.) 


საქმე იმაშია, რომ 1967 წლის აგვისტოს N33-ში დაიბეჭდა მიხეილ კვესელავას სტატია ,,ვინ იყო გიორგი გურჯიევი?’’. ამ სტატიით ავტორმა ფაქტობრივად მოახდინა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ინფორმირება, ევროპაში გიორგი გურჯიევის შესახებ ჩამოყალიბებული შეხედულებების შესახებ. *(ჩემი აზრით, თავის მხრივ სწორედ ეს სტატია დაედო საფუძვლად საბჭოთა პერიოდში გიორგი გურჯიევის შესახებ შექმნილ მითებს, რის გამოძახილსაც დღესაც ვხვდებით ზოგიერთი ავტორის შრომებში - თ.ს.)
       მიხეილ კვესელავას მოსაზრებები, როგორც ჩანს მიუღებელი აღმოჩნდა 1941 წელს ილიას მკვლელობის გამო დაპატიმრებული გიორგი ბერბიჭაშვილის საქმის ერთ-ერთი პირველი გამომძიებლის, საბჭოთა უშიშროების სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ნამუშევარი, ხოლო სტალინის სიკვდილის შემდეგ კი პროფესია შეცვლილი ალექსანდრე კოჭლავაშვილისათვის. *(ბატონ ალექსანდრე კოჭლავაშვილს საკმაოდ ვრცელი, ასევე გამოუქვეყნებელი, შესანიშნავი ნაშრომი აქვს დაწერილი ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც მის პირად არქივში - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში არის დაცული. აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ მის ძალისმიერ სტრუქტურებში მუშაობის შესახებ მითითება, მხოლოდ ფაქტების კონსტატაციაა და სხვა არაფერი - თ.ს.)
     რუსულად თარგმნილ სტატიას, რომლის დაბეჭდვაც, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს მას იმ დროს საბჭოთა კავშირში გამომავალ ჟურნალ ,,Иностранная Литература”-ში სურდა,  ავტორის მიერ სათაური აქვს შეცვლილი და ,,გიორგი გურჯიევი - მეფის ,,ოხრანკის აგენტი“ (,,Георгий Гурджиев – Агент Царской Охранки“) ჰქვია. [უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 269, ანაწერი 1. საქმე 24, გვერდები 27-38] (იხ. დოკ. )

ქართულ და რუსულ ენებზე დაწერილი სტატიის ორივე ვარიანტში, ალექსანდრე კოჭლავაშვილი ასაბუთებს, რომ სწორედ გურჯიევი იყო მეფის საიდუმლო პოლიციის აგენტი და ავლაბრის არალეგალური სტამბის გამცემი.*(მინდა აღვნიშნო, რომ ავლაბრის არალეგალური სტამბის გამცემად სწორედ გიორგი გურჯიევს თვლის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, თუმცა ჩემი აზრით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ რომელი მოსაზრებაა სწორი, ამის შესახებ პასუხს ვფიქრობ შემდგომი კვლევები გაგვცემს - თ.ს.)
     ალექსანდრე კოჭლავაშვილის ზემოდასახელებული სტატიის ქართული და რუსული ვერსიები, სათაურების გარდა ერთმანეთისაგანაც გარკვეულწილად განსხვავებულია, თუმცა ორივე მათგანში გიორგი გურჯიევის საქართველოში საქმიანობაზე, კერძოდ ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის“ შესახებ, საკმაოდ უარყოფითი მოსაზრებებია გამოთქმული.
      ალექსანდრე კოჭლავაშვილი მიხეილ კვესელავას ზემოდასახელებულ სტატიას მიმოიხილავს და ,,მარქსისტულ-ლენინური“ პოზიციიდან ,,სასტიკად’’ აკრიტიკებს და ასე ვთქვათ, ,,აცამტვერებს’’ გიორგი გურჯიევის ,,აღზრდის სისტემას’’.
    ალექსანდრე კოჭლავაშვილის სიტყვებით: ,,ის გარემოება, რომ მენშევიკების განათლების სამინისტრომ ნება მისცა თბილისში დაეარსებინათ ასეთი ინსტიტუტი, რომელიც როგორც ამბობენ რაღაცა გაუგებრობის შედეგად, ჩვენს პერიოდშიც ერთხანს არსებობდა, რასაკვირველია სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ,,გურჯიევის მოძღვრება - ,,პრინციპი“, რომელსაც ეს ინსტიტუტი ემყარებოდა, ნათელია, მისაღები და დღემდე უცნობი პერსპექტივების გადამშლელია“.  [უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 269, ანაწერი 1. საქმე 24, გვერდი 7] (იხ. დოკ. )

     უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ალექსანდრე კოჭლავაშვილის ნაწერებიდან ჩანს, იგი იცნობდა იმ ადამიანებს ვისაც ,,ადამიანის ჰარმონიულიგანვითარების ინსტიტუტის“ ფუნქციონირება თბილისში ახსოვდათ. მისი სიტყვებით: ,,საგულისხმოა ერთი ფაქტი: თბილისის უნივერსიტეტის ხელმძღვანელს შუამდგომლობით მიმართეს, რათა გურჯიევისათვის ნება მიეცა უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად. უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის წმინდა სახელის შეურაწყოფად მიიჩნია გურჯიევის, როგორც ამორალური პიროვნების დაშვება ლექციის წასაკითხად. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გურჯიევის პიროვნების დამახასიათებლი: ერთ-ერთ ქართველ მოღვაწეს გურჯიევის ქართულ კლუბში მიუყვანია და დაუთვალიერებინებია იგი. წასვლის შემდეგ კლუბის აღშფოთებულ დარაჯს საყვედრი უთქვია იმ ქართველი მოღვაწისათვის, რომელმაც გურჯიევი ღამის კლუბში მიიყვანა. თბილისის ზოგიერთ გარეუბანში თურმე ახლაც გაიგონებთ გამოთქმას ,,გურჯიევის სკოლა ხომ არა გგონიაო“. [უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 269, ანაწერი 1. საქმე 24, გვერდი 8] (სტილი დაცულია)
      გურჯიევის არზრდის სისტემის წინააღმდეგ ,,გალაშქრებული“ ალექსანდრე კოჭლავაშვილი აქვე წერს: ,,გურჯიევისეულმა ,,ჰიპნოპედურმა“ და სხვა ამორალურმა სეანსებმა ხალხში ერთობ არახელსაყრელი შეუქმნა გურჯიევს და მის თბილისურ ინსტიტუტსაც. ამიტომ შემთხვევითი როდი იყო ისიც, რომ იმდროინდელმა საბჭოთა პრესამ ნებისყოფის გამომუშავების ასეთ თაღლითობას ,,პლასტიტუცია“ უწოდა. ხელისუფლებამაც მყისვე მიკეტა ამორალობის ეს ლეგალიზებული ბუდე.“დასახელებული სტატიის რუსულ ვარიანტში კი  მითითებულია, რომ ,,მენშევიკების პერიოდში ორგანიზებულმა ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი ,,გიგ“ სისტემით მალე ხალხში იწოდებოდა ,,პლასტისტუციის“ ინსტიტუტად“. [უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 269, ანაწერი 1. საქმე 24, გვერდი 12]] (სტილი დაცულია)
      ზემოაღნიშნული სტატიის ქართული და რუსული ვარიანტებიდან ეს ციტატები იმიტომ მოვიყვანე, რომ მათში ჩემი აზრით, სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოების შესახებაა მითითება გაკეთებული. კერძოდ, საბჭოთა პერიოდში საქართველოში, გარკვეული დროის განმავლობაში თითქოსდა ,,ადამიანის ჰარმონიულიგანვითარების ინსტიტუტი“ კვლავ ფუნქციონირებდა.
    საქმე იმაშია, რომ გიორგი გურჯიევის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, მან და მისმა თანამოაზრეებმა, საქართველო 1920 წლის მაისში ქალაქ ბათუმის გავლით დატოვეს და კონსტანტინეპოლში გაემგზავრნენ. ოფიციალური წყაროები ამის შემდეგ გიორგი გურჯიევის საქართველოში ყოფნას აღარ ადასტურებენ.
    იმისათვის რომ, უფრო ნათლად წარმოვაჩინო ჩემს მიერ ახლად მოძიებული ქვემომოყვანილი საარქივო დოკუმენტების მნიშვნელობა, მინდა გაკვრით შევეხო გიორგი გურჯიევის საქართველოში ჩამოსვლის წინა პერიოდს. ცნობილია, რომ იგი 1912, ზოგი ინფორმაციით კი 1913 წლიდან იწყებს რუსეთის იმპერიის ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრებას და გარკვეული ავტორიტეტიც მოიპოვა პეტერბურგის და მოსკოვის ,,ინტელექტუალურ“ წრეებში, იმ ადამიანებში, ვინც დაინტერესებული იყვნენ აღმოსავლური ფილოსოფიის თუ აღმოსავლური ,,სულიერი პრაქტიკის’’ შესწავლით.
     ამის შემდეგ, 1917 წელს გიორგი გურჯიევი, რუსეთის იმპერიის სამხრეთში - ესენტუკის მახლობლად ქირაობს აგარაკს და იქ იწვევს მოსკოვში და პეტერბურგში ,,შეძენილ“ მოსწავლეებს. შემდეგ ტუაფსეში გადადის, სადაც რამოდენიმე თვე მოსწავლეებთან ერთად რჩება და თითქოსდა, კავკასიის მთებში ოქროს საძიებო სამუშოების ჩატარების საბაბით ბოლშევიკებისგან მიღებული დაფინანსების გამოყენებით, თავის მოსწავლეებთან, ასევე ოჯახის წევრებთან ერთად გადმოდის კავკასიის მთებზე და 1919 წელს ჩადის თბილისში.
      საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდებში მოვიძიე აჭარის ჩეკა-ს (ЧК - чрезвычайная комиссия) მასალებში დაცული საქმე, რომელიც ეხება გიორგი კარაპეტის ძე გურჯიევის და ირანული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქის, ვინმე ლუტვი კუცი აბდულას ძის ბათუმში ოქროთი სპეკულაციის ბრალდებით დაპატიმრებას. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (უშიშროების არქივი), ფონდი 6, აღწერა 1,   საქმე 28911]
      ამ საარქივო საქმეში არსებულ დოკუმენტებს დეტალურად აქ არ განვიხილავ, რადგან ვფიქრობ მათზე სიღრმისეული კვლევაა ჩასატარებელი. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ გიორგი კარაპეტის ძე გურჯიევის და ლუტვი კუცის დაპატიმრება 1921 წლის შემოდგომაზე, კერძოდ დეკემბერში მოხდა. დოკუმენტებიდან ისიც ჩანს, ისინი ფაქტობრივად არ დაუსჯიათ. გიორგი გურჯიევისთვის, რომელსაც დოკუმენტებიდან გამომდინარე, ბათუმში მარინსკის გამზირზე მაღაზია ჰქონდა ჩამოურთმევიათ სხვადასხვა დასახელების ქონება და მათ შორის ხალიჩებიც. იგი, საკმაოდ სწრაფად, რამოდენიმე დღეში გაუნთავისუფლებიათ, ხოლო ლუტვი კუცი კი დაპატიმრებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტების მიხედვით გიორგი კარაპეტის ძე გურჯიევს პასპორტი სოხუმში 1919 წელს ჰქონია აღებული.
       მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება, როგორც ამ მასალებიდან ჩანს, შესაძლებელია საქმე გვქონდეს გიორგი გურჯიევის ცხოვრების ძალიან საინტერესო დეტალთან. მომყავს ჩემი აზრით ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო დოკუმენტის ამონაწერი. ეს არის საქართველოს ჩეკას კოლეგიის დადგენილება:  
,,9 აპრილი, 1922 წელი,  იმის გამო რომ, ბრალდებულები იყვნენენ საქართველოს ჩეკას საიდუმლო თანამშრომლები (,,სეკსოტ'' - სეკრეტნი სატრუდნიკ) და დღეს ისინი არიან გახსნილი (რასკონსპირიროვანი) და მათი თავისუფლად ყოფნა ამიერკაკასიის ფარგლებში ძალიან შეუშლის ხელს ჩეკა-ს მუშაობას, ბრალდებული გურჯიევი და ზამლინსკი გაძევებულ იქნან ამიერკავკასიის საზღვრებიდან.’’ [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (უშიშროების არქივი), ფონდი 8, აღწერა 1,   საქმე 2203, გვერდი 388] (იხ. დოკ. )

       შესაბამისად აღვნიშნავ, რომ გიორგი გურჯიევის ბიოგრაფიასთან კავშირში ეს მასალები საკმაოდ საინტერესოა,  მაგრამ გარკვეულწილად წინააღმდეგობრივიც, რადგან როგორც ვიცით გიორგი გურჯიევი იყო ივანეს ძე, და ამასთან ოფიციალური ცნობებით საქართველო 1920 წელს დატოვა.
       მინდა აღვნიშნო, რომ ზემოდასახელებული ლუტვი კუცის 1921 წლის შემოდგომის პირას ბათუმში გასაყიდად კონსტანტინეპოლიდან გემით პროდუქტები ჩააქვს. აღსანიშნავია, რომ ბათუმში კონსტანტინეპოლიდან ჩასული ვაჭრის ოქროთი სპეკულაციის მსგავსი ფაქტის გამჟღავნების ისტორია ირიბად დასტურდება ცნობილი ჩეკისტის ევგენი დუმბაძის მოგონებებშიც.  [Е. ДУМБАДЗЕ ,,НА СЛУЖБѢ ЧЕКА и КОМИНТЕРНА'' (ЛИЧНЫЯ ВОСПОМИНАНІЯ) Издательство «МИШЕНЬ» Парижъ, 1930, л. 106]
       დავუბრუნდეთ კვლავ გიორგი გურჯიევს. 1920 წელს კონსტანტინეპოლში შეხვედრილი მისი მოსწავლე ჯონ ბენეტი წერს, რომ მას გიორგი გურჯიევი გააცნო მისმა კოლეგამ ბრიტანეთის დაზვერვიდან უილიამ პინდერმა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში პასუხს აგებდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის უსაფრთხოებაზე, და რომელმაც თავის მხრივ, გურჯიევი 1919 წელს გაიცნო თბილისში. [J.G. Bennett ''GURDJIEFF: Making a New World'',  USA, Reprint edition, 1992]
    ჯონ ბენეტის სიტყვებით, გიორგი გურჯიევი კონსტანტინეპოლიდან და პარიზიდან ხშირად მიდიოდა აღმოსაველეთის ქვეყნებში რამოდენიმე კვირიან თუ თვიან მოგზაურობებში, თითქოსდა სხვადასხვა ეზოთერიკული სკოლების მასწავლებლების მოსანახულებლად. იგი ასევე  წერს, რომ მიუხედავად ასეთი რეკომენდატორებისა, როგორებიც ის და პინდერი იყვნენ, გიორგი გურჯიევს კონსტანტინეპოლში ბრიტანეთის საელჩომ ინგლისში გასამგზავრებელი ვიზა არ მისცა, რადგან გურჯიევს ბოლშევიკების აგენტად მიიჩნევდნენ. [J.G. Bennett ''GURDJIEFF: Making a New World'',  USA, Reprint edition, 1992]
       საინტერესოა, რომ 1924 წლის იანვარში, როდესაც გიორგი გურჯიევი თავისი მოწაფეებითურთ გაემგზავრა ამერიკაში უილიამ პინდერმა, რომელიც ფიქრობდა, გურჯიევი იყო საიდუმლო აგენტი გადაქექა გურჯიევის პირადი არქივი. [The Gurdjieff Legacy Foundation Archives, Frank Pinder (1882–1962) http://www.gurdjiefflegacy.org/archives/fpinder.htm]
       ამრიგად აშკარაა, გიორგი გურჯიევის პიროვნების და საქართველოში მისი საქმიანობის უკეთ შესასწავლად აუცილებელია დასახლებული პიროვნების თუ პიროვნებების - გიორგი ივანეს ძე გურჯიევის და გიორგი კარაპეტის ძე გურჯიევის იდენტიფიცირებისთვის უცხოურ საარქივო ფონდებში დამატებით მასალების მოძიება. თუმცა, გამომდინარე საქართველოში კვლევითი პროექტების დაფინანსების თანამედროვე ,,პრაქტიკიდან’’, ჩემთვის ეს შორეული და ბუნდოვანი პერსპექტივაა.




                                                 George Gurdjieff in Georgia
(1919-1920)
Summary
It is known that George Gurdjieff and his followers have established his first “Institute for the Harmonious Development of Man” in 1919 in Tbilisi. Archive materials preserved in National Archive Funds of Georgia confirm George Gurdjieff’s living and “activity” in 1919-1920 years in Tbilisi.
We’ve retrieved unpublished articles about George Gurdjieff in historian Aleksandre Kotchlavashvili’s personal archive; we found quite interesting information in these articles, particularly noteworthy Aleksandre Kotchlavashvili’s consideration as though “Institute for the Harmonious Development of Man” seemed to exist in the Soviet times, too.
We’ve retrieved a case preserved in Adjara Cheka materials in Archive Funds of the Ministry of Internal Affairs of Georgia; the case deals with arresting someone Lutvi Abdulla Kutsi, citizen of France with Iranian origination and George Karapetovich Gurdjieff in Batumi accused of gold speculation at the end of 1921.  According to these archive materials, George Karapetovich Gurdjieff who was trading and had a shop of various goods in Batumi seemed to be an agent of Georgia Cheka.
These materials linked with George Gurdjieff’s biography is quite interesting, however, somewhat contradictory, as we know Ivane was George Gurdjieff’s patronymic. Herewith, according to official notes, he left Georgia in 1920. 
Summing up various archive materials give us a basis to say that in order to study George Gurdjieff’s personality and his activity in Georgia, retrieving additional materials in foreign archive funds is required for identifying named person or persons – George Ivanovich Gurdjieff and George Karapetovich Gurdjieff.