Monday, November 14, 2016

გიორგი გურჯიევი საქართველოში (1906 წელი)

თენგიზ სიმაშვილი
გიორგი გურჯიევი საქართველოში 
(1906 წელი)

 [დაიბეჭდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის 
ინსტიტუტის შრომები, ტ. X, 2016]
    
      ცნობილი მისტიკოსის და ფილოსოფოსის გიორგი ივანეს გურჯიევის 1906 წელს საქართველოში ცხოვრების და ,,მოღვაწეობის“ დასადასტურებლად, მინდა წარმოგიდგინოთ შესაბამისი საარქივო დოკუმენტები და მასალა.

    1906 წლის 26 იანვარს ამიერკავკასიის რკინიგზის ჟანდარმთა საპოლიციო სამმართველოს გორის განყოფილების უფროსი, თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსს შემდეგი შინაარსის წერილს უგზავნის:
,,ამა წლის 14 იანვარს ჩემს მიერ გამოგზავნილი დეპეშის დამატებით გაცნობებთ, რომ დაბა მიხაილოვოში *(ხაშური - თ.ს.) ასაფეთქებელი ყუმბარების დამზადებაში იმხილებიან სტუდენტი გიორგი გურჯიევი, კომპანია ზინგერის აგენტი ნიკოლოზ სიხარულიძე და სტუდენტი ვლადიმერ ბილანოვი. მათგან პირველი ორი შესაძლებელია გურიაში გაიქცნენ, ხოლო მესამე კი ცხოვრობს სადღაც თბილისში.
დამატება: გურჯიევის წერილი კოვნოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორის სახელზე, ასევე გურჯიევის სახელზე გამოგზავნილი თანენცვაიგის წერილი ვარშავიდან *(გიორგი გურჯიევს გარკვეული კავშირები გააჩნდა პოლონეთთან - მისი მეუღლე იულია(ჯულია) ოსტროვკსაიაც წარმოშობით პოლონელი აზნაურის ასული იყო - თ. ს.) კონვერტი დიმიტრი გურჯიევის სახელზე ქალაქ ნიკოლაევში’’. *(გიორგი გურჯიევს ჰყავდა ორი და, ასევე უმცროსი ძმა - დიმიტრი გურჯიევი - თ.ს.) [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე ..., გვერდი 51] (იხილეთ დოკუმენტი 1)


         ამავე საარქივო საქმეში მოთავსებულია სხვა საიდუმლო წერილი, რომელსაც თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი უგზავნის ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსს: ,,ამა წლის 14 იანვარს დაბა მიხაილოვოში აღმოჩნდა ასაფეთქებელი ყუმბარების ფაბრიკაცია. ყუმბარების დამზადებაში, როგორც იტყობინება გორის განყოფილების უფროსი ეჭვმიტანილები არიან სტუდენტი გიორგი გურჯიევი, კომპანია ზინგერის აგენტი ნიკოლოზ სიხარულიძე და სტუდენტი ვლადიმერ ბილანოვი. მათგან პირველი ორი ალბათ გაიქცნენ გურიაში, ხოლო მესამე გურიაში. გაცნობებთ, რათა გამოარკვიოთ ეს პიროვნებები და მათი საცხოვრებელი ადგილი“. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე ..., გვერდი 56]
     ამ წერილს მეორე გვერდზე მოსდევს, თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის საიდუმლო წერილი თბილისის პოლიცმეისტერისადმი, სადაც იგი სტუდენტ ვლადიმერ ბილანოვის დაპატიმრებას ითხოვს, რომელიც ,,ეჭვიმატანილია 14 იანვარს დაბა მიხაილოვოში ასაფეთქებელი ყუმბარების ფაბრიკაციაში’’.  [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე ..., გვერდი 57]
       საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ მეფის ხელისუფლების ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლები ყურადღებით ეკიდებოდნენ ამ საქმეს. 1906 წლის 2 ივნისს, ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი  თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსს სწერდა: ,,გაცნობებთ, რომ სტუდენტი გურჯიევი და კომპანია ,,ნადეჟდა“ აგენტი ნიკოლოზ სიხარულიძე ჩემს ქვემდებარე სამეთვალყურეო რაიონში საცხოვრებლად აღმოჩენილი არ არინ“. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე ..., გვერდი 119]
    ჩემს უკვე გამოქვეყნებულ  ერთ-ერთ კვლევაში გამოვთქვი მოსაზრება, რომ შესაძლებელია, სწორედ ზემოდასახელებული პირი ვლადიმერ (ვალერიან) ბილანოვია (ბილანიშვილი) დასახელებული, 1905 წლის შემოდგომაზე სომეხ-თათრების შეტაკების აცილების მიზნით, სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის (მენშევიკები და ბოლშევიკები) წარმომადგენლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმების ერთ-ერთ წევრად ალექსანდრე (საშა) ობოლაძესთან, ილიკო იმერლიშვილთან, გიგლა ბერბიჭაშვილთან და სხვებთან ერთად. [თ. სიმაშვილი, ,,იოსებ ჯუღაშვილისა(სტალინი) და ,,ნიჟარაძის“ იგივეობის შესახებ’’, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IX, 2015]   http://simashvili.blogspot.com/2015/12/tengiz-simasvili-ioseb-jurasvilistalini.html      
        რაც შეეხება, ნიკოლოზ სიხარულიძეს, მასზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მოვიძიე. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ როგორც ირკვევა იგი 1904-1921 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი ყოფილა. საქართველოს საისტორიო არქივში დაცული ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, რომელზეც ნიკოლოზ სიხარულიძის ფოტოცაა დატანილი, ის 1905 წლის 24 სექტემბერს  პოლკოვნიკ ალფტანის განკარგულებით, რევოლუციური მოღვაწეობისათვის გამო ოლონეცკის გუბერნიაში იქნა გასახლებული.  [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 84, აღწერა 3, საქმე 488, გვერდი 157] 
        გარდა ამისა, მოვიძიე კომპანია ,,ზინგერის’’ 1906 წლის ხელფასის გაცემის უწყისები, სადაც თანამშრომლების ჩამონათვალში ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე დაბა მიხაილოვოში ამ კომპანიის აგენტადაა *(საქონლის გამსაღებელი - თ.ს.) დასახლებული. [საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 190, აღწერა 1, საქმე 6, გვერდი 2-4] 
ასევე არსებობს ფოტომასალა, სადაც ნიკოლოზ სიხარულიძე 1910 და 1920-იან წლებში სხვადასხვა პირებთან ერთადაა გადაღებული. ერთერთი ფოტოდან კი ირკვევა, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-1921 წლებში ხაშურში  გვარდიის თავმჯდომარე ყოფილა.

    რაც შეეხება გიორგი გურჯიევს - მის კვალს ავლაბრის არალეგალურ სტამბასთან მივყევართ! როგორც ირკვევა, იგი 1906 წლის მარტ-აპრილში ხაშურში ,,მოღვაწეობის“ დასრულების შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებას, ქალაქში ბარიკადული ბრძოლების წარმოებას, ტერორისტებისათვის საჭირო სხვა ,,სასარგებლო ჩვევებს”, ცნობილი ,,ავლაბრის არალეგალურ სტამბის“ სამყოფელის ზემოთ განთავსებულ საცხოვრებელ სახლში, ბოლშევიკების და მენშევიკების ექვს კაციან ჯგუფს ასწავლიდა.
       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიული არქივის ფონდებში დაცულ ერთ-ერთ საქმეში ვკითხულობთ, რომ ,,ავლაბრის არალეგალურ სტამბაში 7 კაციან ჯგუფში შედიოდა სამი ბოლშევიკი - მიხო ბოჭორიშვილი(ბოჭორიძე), ნინა ალაჯოვა, ნუშიკ ზავარიანი და სამი მენშევიკი სილვესტერ ჯიბლაძე, კალისტრატე გოგუა, კოწია ჩიჩუა, რომლებმაც დაიწყეს მუშაობა 1906 წლის იანვარში ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად ვიღაც გურჯიევის ხელმძღვანელობით“.(8, 2(1), საქ. 2) [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 2, გვერდი 58]
    ,,ავლაბრის არალეგალურ სტამბის“ საქმის რამოდენიმე მონაწილის მოგონებაში, რომლებიც დროის სხვადასხვა შუალედში გამოქვეყნდა 1920-1940-იან წლებში საკმაოდ საინტერესო მასალებია თავმოყრილი გიორგი გურჯიევის საქართველოში ,,მოღვაწეობის“ შესასწავლად.
    ჟურნალ ,,რევოლუციის მატეანე“-ს 1923 წლის #4 ,,დ. ნინოწმინდელის’’ ფსევდონიმით  დაბეჭდილ დავით როსტომაშვილის მოგონებაში სათაურით - ,,ვინ გასცა კავკასიის სოციალ-დემოკრატიის დიდი სტამბა თფილისში“ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი ჩვენი კვლევის საგანთან დაკავშირებით. ავტორი, რომელიც ავლაბრის არალეგალური სტამბის განთავსების ადგილზე მდებარე სახლის ოფიციალური მფლოებელი იყო, იგონებს, რომ 1906 წლის აპრილის დასაწყისში მისთვის მიხა ბოჭორიშვილს უთხოვია ,,სტამბის თავზე ცარიელი ოთახები... რადგან ერთი საუკეთესო მასწავლებელია მოსული, უსაქმოდაა და გვინდა ასაფეთქებელი მასალის მომზადება ვისწავლთო“. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 123] *(ამ კვლევაში ღრმად არ შევეხები ავლაბრის არალეგალური სტამბის დაარსების და ,,ჩავარდნის“ პერიპეტიებს, რადგან ის საკმაოდ ვრცელი მასალის ანალიზს მოითხოვს  - თ.ს.)
    დავით როსტომაშვილის სიტყვებით, იგი ,,მასწავლებლის“ პიროვნებით დაინტერესებულა და საუბრიდან მეორე დღეს, დილით მისულა ზემონახსენებ საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვედრია მიხა ბოჭორიშვილი(ბოჭორიძე), კოწია ჩაჩავა, ბაბე *(მიხა ბოჭორიშვილის დეიდა - თ.ს.) და ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებსაც მისი თქმით იმ დროს არ იცნობდა. 
        დაგვიანებით მოსულა ,,მასწავლებელი’’ - ,,ერთი შუა ტანის ძალზე შავი კაცი, რომელსაც სახე გავაქსულივით ულაპლაპებდა. მას ორი ახალგაზრდა ქალი ჭიშკართან მიეგება... მასწავლებელი მათ მეტად მხიარულათ შეხვდა. იგი სომხურად გამელაპარაკა. ქალები ყოველ სიტყვაზე პასუხს არ აძლევდნენ, აქედან დავასკვენი რომ ქალებმა კილიკიური სომხური ენა არ იცოდნენ... მასწავლებელში ეჭვი შემეპარა და ჩემდა უნებურად ვთქვი: ,,ხაჩაგოღაა“. ვინც არ იცის ,,ხაჩაგოღა“ რა ხალხია და რას აკეთებენ ხელს ჩაიქნევს, მაგრამ ჩემთვის როგორც მათი კარგად მცნობისთვის, აშკარა იყო თუ რისთვის დაიარებოდა ეს კაცი აქ, თუ იგი მართლა ,,ხაჩაგოღა“ იყო“. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 123-124] *( ,,ხაჩაგოღა’’ - აფერისტი, მატყუარა ამ პერიოდის სლენგის მიხედვით. აქვე მადლიერება მინდა გამოვხატო მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანის მისამართით, რომელმაც გამაცნო ამ სიტყვის შინაარსი - თ.ს.)
     დავით როსტომაშვილს თავისი ეჭვი გაუნდვია მიხა ბოჭორიშვილის დეიდისთვის, რომელსაც სწყენია - ,, მიხა გამოცდილია ამ საქმეში და ამ შეცდომას არ დაუშვებსო“. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 125] რამოდენიმე დღეში კი მასთან მისულა მიხა ბოჭორიშვილი და უცნობებია, რომ სტამბას ,,ჯაშუშები შემოერტყნენ“ და საქმე ცუდადაო’’. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 125] ამას კი მალე სტამბის აღმოჩენა და მათი დაპატიმრება მოჰყვა.
    დავით როსტომაშვილის სიტყევბით, მას ციხეში მიხა ბოჭორიშვილისათვის უკითხავს, თუ ,,ვინ იყო და რა კაცი, მათი ყოფილი მასწავლებელი. განსვენებულმა გადმომცა შემდეგი: მასწავლებელი იყო გვარად გურჯიევი, ოსმალელი სომეხი, ოსმალეთიდან გამოქცეული და იავკა ჰქონდა სურამიდან (თუ ხაშურიდან კარგად არ მახსოვს)’’. ([,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 125]      
       იგი აქვე აღნიშნავს, რომ ციხეში ყოფნისას მას ასევე უკითხავს კოლა სიხარულიძისათვის გურჯიევის შესახებ: ,,მათი ორგანიზაციიდან ხომ არ ჰქონდა ,,იავკა“? მან მითხრა შემდეგი: გურჯიევმა სამი ათასი მანეთი დაგვტყუა, აღგვითქვა ბომბების მომზადების სწავლა, მაგრამ არაფერი გვასწავლა, მას ვცემეთ და გამოვაგდეთო“. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 126]
ამრიგად, დავით როსტომაშვილის მოგონება გარკვეულწილად ადასტურებს ზემომოყვანილი საარქივო დოკუმენტების შინაარსს.
    საინტერესოა, რომ დავით როსტომაშვილის სიტყვებით, გურჯიევი ასევე ყოფილა იმ დროს საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი, სომხური ნაციონალისტური პარტიის ,,დაშნაკცუტუნის“ წევრების გამცემი - ,,ციხეში სომხებთან კაი განწყობა მქონდა და ერთხელ ერთ განჯელ სომეხს ვკითხე: გურჯიევის შესახებ თუ იცი რამე მეთქი. მან მწარედ ამოიოხრა და სთქვა: ,,სწორედ მაგ გურჯიევმა ოც კაცს ციხეში თავი ამოგვაყოფინაო“.
   დავით როსტომაშვილი თვლიდა, რომ ,,გურჯიევი იყო მთავრობის საგანგებო პროვოკატორი და ეძებდა იმ სამასსამოც ბომბს, რომლებიც სულხანოვის სახლში ინახებოდა“. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 126]
     დავით როსტომაშვილის მიერ დასახელებული  იმ დროს მისთვის უცნობი ,,ორი ახლგაზრდა ქალის’’ - ნინა ალაჯოვას და ნუშიკ ზავარიანის ავტორობით ჟურნალ ,,რევოლუციის მატიანის’’ 1925 წლის # 2(12)-ში დაბეჭდილ მოგონებაში სათაურით - ,,შორეული წარსულიდან“ ვკითხულობთ ,,1906 წლის იანვრის შუა რიცხვებში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თფილისის გაერთიანებულმა კომიტეტმა გამოყო, რამოდენიმე ამხანაგისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც უნდა შეესწავლა პარტიზანული გამოსვლების მეთოდები(ქუჩებში ბარიკადების საშუალებით ბრძოლა და სხ.) აგრეთვე უნდა შეესწავლა ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადება(ყუმბარები, ფუგასები) და სხვა. ეს საქმე მინდობილი ჰქონდა რამოდენიმე ამხანაგს, რომელთაგან სამი ბოლშევიკური ფრაქციიდან იყო (მიხო ბოჭორიძე, ნუშიკ ზავარიანი, ნინა ალაჯოვა), სამიც მენშევიკური ფრაქციიდან (სილიბისტრო ჯიბლაძე, კალისტრატე გოგუა და კოწია ჩაჩავა). ბოლშევიკები და მენშევიკები მაშინ ერთ ორგანიზაციაში მუშაობდნენ.* *(საინტერესოა, რომ საბჭოთა პერიოდში გიორგი გურჯიევს მენშევიკადაც ასახელებდნენ ,,Заря Востока’’, 20. 08. 1937] - თ.ს.)
        ამ ჩვენთვის სრულიად უცნობი საქმის შესასწავლად ჩვენ მოვიწვიეთ სპეცი-ინჟინერი(ბერძენი), რომელსაც გამცნობი ამხ. ჯიბლაძის გადმოცემით, დიდი სამსახური  გაეწია ჩვენი ორგანიზაციისათვის მიხაილოვოში, როცა იქ მეფის ყაზახებმა რევოლუციური გამოსვლები ჩააქრეს“. [,,რევოლუციის მატეანე“, #2(12), 1925 წელი, გვერდი 135]
       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ე.წ. პარტიულ ფონდებში დაცულია საარქივო საქმე სათაურით - ,,ნინა ალაჯოვას ავტობიოგრაფია და მოგონებები 1902-1918“. (93, 2, 13) [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2,   საქმე 13,]
მასში ვკითხულობთ - ,,ნინა ალაჯოვა 1904 წელს შეყვანილ იქნა კომუნისტების კავკასიის კავშირში და მუშაობდა კავშირის ტექნიკურ მდივნად 1906 წლამდე, ... ახლოს იყო სტალინთან და მიხა ცხაკაიასთან. 1906 წელს, როდესაც ბოლშევიკების მიერ გამო გამოყოფილ იქნა ჯგუფი პარტიზანული ომის მეთოდების, ასაფეთქებელი ყუმბარების დამზადების შესასწავლად ნინა ალაჯოვა გახდა მისი წევრი. ჯგუფში ,,სპეცის“ ხელმძღვანელობით ნინა ალაჯოვა მუშაობდა ბაბე ბოჭორიძესთან, მიხა ბოჭორიძესთან და სხვებთან ერთად“. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2,   საქმე 13, გვერდი 2]
      საბჭოთა პერიოდში ავლაბრის სტამბის შესახებ საკმაოდ ბევრი იწერებოდა. საინტერესოა, რომ ,,რევოლუციის მატეანე“-ს 1927 წლის #1(16) ნომერში დავით როსტომაშვილს კვლავ დაუბეჭდია ზემომოყვანილი, 1923 წელს დაბეჭდილი მოგონებისგან გარკვეულწილად განსხვავებული შინაარსის მოგონება სათაურით - ,,ავლაბრის სტამბის აღმოჩენა მთავრობის მიერ“. [,,რევოლუციის მატეანე“, #1(16), 1927 წელი, გვერდი 123]
      მასში იგი რამოდენიმეჯერ ახსენებს გურჯიევს და კვლავ, ოდნავ განსხვავებული რაკურსით ჰყვება ,,მასწავლებელთან“ თავის შეხვედრას. წერს, რომ დაგვიანებით მისულ გურჯიევს საუბარი გაუბამს ახალგაზრდა ქალებისათვის და აქ უკვე ახსნებს მათ გვარებს - ალაჯოვა და ზავარიანი. *(1923 წელს დაბეჭდილ მოგონებაში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მე არც მაშინ არც ეხლა არ ვიცი იმ ქალების ვინაობაო - თ.ს.) მისი სიტყვებით მასწავლებელი მათ სომხურ კილიკიურ კილოზე ელაპარაკებოდა და ,,იყო საშუალო ტანის, შავთვალ-წარბა, სახე გავაქსილ ტყავივით ულაპლაპებდა, შორიდან ზანგს წააგავდა, ევროპულად და მოხდენილად ეცვა, ქალებთან ლაპარაკის დროს სულ იღიმებოდა.... მასწავლებელი მე წარმომიდგა ვიღაც დონ-ჟუანად...“. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 132]
    ამ მეორე მოგონებაში დავით როსტომაშვილი ასე გადმოგვცემს ნიკოლოზ სიხარულიძესთან საუბრის შინაარსს: ,,ციხეში კოლია სიხარულიძე მოიყვანეს, მან სტამბის ჩავადნის მიზეზი მკითხა და როცა გურჯიევის სახელი გაიგონა, აი რა გადმომცა: ხაშურში მაგ გურჯიევმა სამი ათასი მანეთი დაგვტყუა და გვითხრა ასაფეთქებელ ნოვთიერებათა დამზადებას გასწავლითო. რამოდენიმე კვირა ვიმეცადინეთ, ბოლოს ვთხოვეთ მოეხდინა გამოცდა. გავედით მინდორში, მასწავლებელიც თან წავიყვანეთ. გადავაგდეთ ერთი - არ გასკდა, მეორე მესამე.. ამხანაგები გურჯიევზე მეტად გაწყრნენ. ერთმა ამხანაგმა საცემრადაც კი იწია, გურჯიევი ამის შემდეგ აღარ გვინახავს’’. [,,რევოლუციის მატეანე“, #4, 1923 წელი, გვერდი 139]  დაკვირვებული მკითხველი იოლად შენიშნავს 1923 და 1927 წელს დავით როსტომაშვილის მიერ დაწერილ მოგონებების შინაარსში სხვაობებს, მაგრამ იგი საქმის არსს არ ცვლის. 
     ასევე მინდა გაგაცნოთ, დავით როსტომაშვილის მიერ ,,მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის“ დირექტორის სახელზე, 1942 წელს გაგზავნილი ერთგვერდიანი წერილის მცირე ამონარიდი. წერილი ავლაბრის არალეგალური სტამბის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციების სისწორეს ეხება და მასში როსტომაშვილი სტამბის განთავსების ადგილზე მდებარე შენობაში ასაფეთქებელი ყუმბარების შემსწავლელი ჯგუფის გამცემად კვლავ გურჯიევს ასახელებს. [შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2,   ნაწილი2 , გვერდი 246] (იხილეთ დოკუმენტი 2)

      აღვნიშნავ, რომ საქართველოს ისტორიული არქივის ფონდებში მოვიძიე რამოდენიმე საქმე, რომლებიც ეხება ავლაბრის არალეგალური სტამბის აღმოჩენას ხელისუფლების ორგანოების მიერ. მათ შორისაა მეფის საიდუმლო(პოლიტიკური) პოლიციის თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების ე.წ. გარე მეთავალყურეობის აგენტების - ფილერების ანგარიშები სტამბასთან კავშირში მყოფ სხვადასხვა პირების და მათ შორის გიორგი გურჯიევის შესახებ.
    ამრიგად, ზემომოყვანილი მასალები დანამდვილებით ადასტურებენ 1906 წლის დასაწყისში გიორგი გურჯიევის საქართველოში ყოფნას, რაც არაა ასახული დღემდე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიებში. 
      P.S.
     რაც შეეხება გიორგი გურჯიევის მეფის საიდუმლო პოლიციის აგენტად ყოფნას, რაზეც თავის დღემდე გამოუქვეყნებელ სტატიებში ისტორიკოსი ალექსანდრე კოჭლავაშვილი წერდა,*(მინდა აღვნიშნო, რომ იგი გარკვეულწილად იცნობდა ზემომოყვანილ მასალებს, თუმცა ამ და სხვა საკითხებზე ჩვენი შეხედულებები დიამეტრალურად განსხვავდება - თ.ს.) ასევე ჩემს მიერ მიკვლეულ მასალებს, რომლებიც შეეხება 1919-1920-იან წლებში და შესაძლებელია შემდგომ პერიოდშიც(?!) თბილისში გურჯიევის ყოფნას და ,,მოღვაწეობას“, და საკითხს - იყო თუ არა გიორგი ივანეს ძე გურჯიევი 1920-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურის ,,საიდუმლო თანამშრომელი’’(,,სეკსოტ'' - სეკრეტნი სატრუდნიკ) მათზე ჩემს კვლევებს და დოკუმენტებს შემდგომ სტატიებში შემოგთავაზებთ.